შვედური დღიურები (ნაწილი პირველი)

ფრანგული რელიქვიების ამოქექვა და პარიზული დღიურების წერა, პარიზში ვიზიტიდან 1 წელზე მეტის გასვლის შემდეგ დავიწყე, მაშინ, როდესაც ამ ქალაქის მონატრებამ ან/და ერთფეროვნებამ და საკუთარი ქვეყნიდან გასვლის სურვილმა შემომიტია. ამჯერად მინდა შვედეთზე დავწერო. შვედეთის ერთ არც ისე პატარა, ნამდვილ ევროპულ და მიუხედავად კლიმატური პირობებისა, თბილ ქალაქზე, სადაც ყოფნიდან ერთი თვეც არ გასულა და მე ის უკვე მენატრება…ისე მენატრება, როგორც საკუთარი ქალაქი და ქვეყანა ენატრებათ ხოლმე. მოკლედ, ვეცდები ჩვეული ორთოგრაფიულ სინტაქსური შეცდომებით შვედეთის ქალაქ, გოტებურგზე მოგითხროთ, სადაც გატარებულმა ხუთმა დღემ მგონია, რომ არა მხოლოდ დადებითი ემოციებით დამმუხტა, არამედ ჩემში რამდენიმე კარდინალური ცვლილება მოახდინა და ის ცქმუტვის ნაპერწკალი გამიჩინა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ შემიგრძვნია.

შვედეთის ქალაქ გოტებურგში სამსახურიდან, სამუშაო-საგანმანათლებლო ვიზიტით ვიყავი. ვიზიტამდე რამდნიმე დღით ადრე მიღებული დღის წესრიგიდანაც ჩანდა, რომ წინ საინტერესო 5 დღე მელოდა. ზემოთხსენებული ჩემი აპათიური და დემოტივირებული გუნება – განწყობილების გამო მოსალოდნელი ვიზიტი თან მახარებდა (რადგან მიყვარს ნებისმიერი სახის ადგილის ცვლილება, იქნება ეს უბრალოდ სამუშაო მაგიდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვიზიტი თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა) და თან გარკვეულწილად მაბრკოლებდა (რაზე და რატომ ეს სხვა თემაა). მიუხედავად ჩემი ამ მუტაბელური გრძნობებისა, გამგზავრების წინა დღეს, მაშინ როდესაც ჩემი ერთ – ერთი საყვარელი საქმე (ბარგის ჩალაგება) დავასრულე, დღის წესრიგი საფუძვლიანად გადავიკითხე. მივყევი ჩვენი სასტუმროს, ყველა იმ რესტორნისა და სხვა დაწესებულების ელექტრონულ ბმულს, სადაც მომავალი დღეების განმავლობაში უნდა წავსულიყავით. ვინაიდან ფრენა გვიან ღამით იყო და მეც ჩემი მხრივ აჟიტირებული ვიყავი, აღარ დამიძინია და ამ სერჩვა – გუგლვაში H&M_ის შვედური პროდუქციაც დავზვერე წინასწარ. ამ დროს არ ვიცოდი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა და ანტიდეპრესანტი „შოფინგი“ იქ ასე ვთქვათ აუცილებელ მოვალეობად მექცეოდა (საჩუქრების და სამახსოვრო ნივთების საყიდლად) და სიამოვნებას ისეთი მარტივი ქმედებით მივიღებდი, როგორიცაა უბრალოდ სიარული და ახალი ქალაქის აღმოჩენა.

გოტებურგში ყოფნისას მას ხშირად ვადარებდი პარიზს. პარიზი ასე ვთქვათ ჩემი პირველი სიყვარულია (რომელიც როგორც ამბობენ ყოველთვის ახსოვთ), არც ისე პატარა ასაკში შეცნობილი. ის ულამაზესია, საოცარი აურის, ისტორიისა და არქიტექტურის მქონე, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს, გულში არ გიკრავს (შესაძლოა მე არ მიმიღო, so pardon my French). მისთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ, მაგრამ ოჯახის წევრად ალბათ არასდროს მიგიღებს. გოტებერგი კი…

გოტებურგი 1621 წელს დაარსდა, ის შვედეთში სიდიდით მეორე ქალაქია. გეოგრაფიული თუ კულტურულ – საგანმანათლებლო ნიშნებით საკმაოდ გამორჩეული, თუმცა ამ ყოველივეს დაინტერესების შემთხვევაში ვიკიპედიაშიც წაიკითხავთ. მე კი კონკრეტული ფაქტების მოყვანას შევეშვები და საკუთარ გამოცდილებასა და ემოციას გაგიზიარებთ.

9.12.2015

4:00 AM – აეროპორტში პირველი მივედი და თანამოგზაურებს ველი, ამასობაში ჩანთა შევაფუთინე და ჩემებიც გამოჩნდნენ. და აი დაიწყო, თვითმფრინავის აფრენა და ჰაერში გასწორება…ის რაც ძალიან მიყვარს. მუცელსა და გონებაში პეპლები უკვე აფარფატდნენ. დაახლოებით ოთხ საათიანი ფრენისას თვალი არ მომიხუჭავს, ჩემთვის ასე საყვარელ თვითმფრინავის საკვებზეც უარი ვთქვი და ჩამოვჯექ სკამის პირს, მოლოდინებით აღსავსე ფიქრთ გასართველად…. თბილისის აეროპორტიდან მიუნჰენის აეროპორტში დავეშვით, ფრენებს შორის დიდი შუალედი არ გვქონდა, მაგრამ DUTY FREE_ს პარფიუმერიის, ტკბილეულისა და ალკოჰოლის განყოფილებების ერთხელ შემოვლა მოვასწარით. დაახლოებით 2 საათში, გოტებურგისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვისხედით.

11:00 AM – გოტებერგის აეროპორტში ვართ, სადაც ჩვენი მასპინძლები, ევა და რობერტი დაგვხვდნენ. მანქანებში გადავნაწილდით და ქალაქისკენ დავიძარით… უკვე ვხვდები რომ ზღაპარში ვხვდები. გზის ირგვლივ ტყეა, აქა იქ პატარა, ფერადი სახლები…აი კიდევ ვიგრძენი ცქმუტვის ნაპერწკალი. დაახლოებით 40 წუთში სასტუმროში ვიყავით, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, ჰქონდა სასიამოვნო მისაღები, მომსახურე პერსონალი, პატარა მაგრამ კომფორტული, სუფთა ოთახები და მშვენიერი საუზმე. ამობარგების შემდეგ მასპინძლებმა კვლავ მოგვაკითხეს და სასადილოდ რესტორანში წავედით, სადაც ნამდვილი, მრავალფეროვანი შვედური მაგიდა და ჩვენი მესამე მასპინძელი, გორანი დაგვხვდა. ნოყიერი და გემრიელი სადილის შემდეგ ცოტა გავიარეთ და დავისვენეთ, საღამოს კი შვედი ლიბერალების საახალწლო შეკრებაზე წავედით. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ჭიქა გლინტვეინი და დარიჩინიანი ორცხობილები, ახალი ნაცნობები და ძველებთან შეხვედრა. მეგობრული ატმოსფერი, მომღიმარი სახეები და საღამოს სეირნობა.

11:00 PM – ამასობაში მუდმივი ცქმუტვის რეჟიმში გადავედი, ვერ ვიძინებ, მეორე დღეს გეგმაში ადრე ადგომა და ოფიციალურ შეხვედრებამდე არსებული დროის ქალაქის გასაცნობად გამოყენება მაქვს გადაწყვეტილი. მაღვიძარას 6 საათზე ვაყენებ, 5 საათზე მეღვიძება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s